21 July 2016

ხაჭაპური

შესაძლებლობის თვალსაზრისით ყველაზე ჩვეულებრივ პარასკევ დილით, ცხიმიან დახლზე, მოხდა ათი ხარისხად ბევრჯერ კვადრატში, რაც ტრილიონზე ტრილიონჯერ მეტიც შეიძლება აღმოჩნდეს, შემთხვევაში ერთხელ მოხვედრადი შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ხაჭაპურის ყველში, ზომაზე მეტად წარმოდგენილი მჟავიანობის გამო, ჩაორთქლილ ცომში არეული ყველის ატომურ ნაწილაკებში, მოძრავმა ელექტრონებმა, იმერული ხაჭაპურის ზედა და ქვედა ფენებში პოტენციალთა სხვაობის გაჩენის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო მჟავიანობის მატებით, სუსტი მოძრაობა დაიწყეს. შემთხვევის უნიკალურობას განაპირობებდა არა ისეთი იშვიათი მოვლენა როგორიც ამჟავებული ყველი არის, არამედ ყველისა და ცომის შემადგენელი ნივთიერებების მოლეკულების შემთხვევითად მიღებული სპეციალური განლაგება, განმაპირობებელი მოლეკულებში შემავალი ელექტრონული მუხტის სხვადასხვა რაოდენობით გადაცემის მეზობელ მოლეკულებთან, რომლების ჯამურმა მიმოცვლამ მათემატიკური თვალსაზრისით წარმოქმნა ინფორმაციული ნაკადი რის შედეგადაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხაჭაპურმა როგორც ერთმა მთლიანობამ და სრულფასოვანმა მოაზროვნე არსებამ თავის თავის თავადვე გააზრება შესძლო და გაკვირვებისგან თავისივე ენაზე გაიფიქრა ისეთი რამ რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გადაითარგმნებოდა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე ხშრად მოხმარებად ერთსიტყვიან გიგანტურ აზრთა შეთანხმებად კერძოდ კი წარმოდგენილს როგორც "ბლიად".

თავის თანამოძმეებთან შედარებით გარეგნობა შესაშური არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენ ხაჭაპურებს აზროვნება არ შეეძლოთ. ამავე მიზეზით ერთადერთი ხაჭაპური აღმოჩნდა რომელიც პარასკევ საღამოს დახლზე შემორჩა და მცხობელმაც კი ისე დაიწუნა რომ იმის მაგივრად სახლში შვილებთან წაეღო შუაზე გასაჭრელად, დახლის ქვემოთ ჟარუნაზე მიუჩინა ადგილი და სახაჭაპურე ჯიხური ორშაბათამდე დაკეტა.

ჰაერის ტალღების მოძრაობით ხაჭაპურის გარე ფენებში აღძრულმა ვიბრაციებმა ელექტრონების მოძრაობის სტიმულაცია გამოიწვიეს, რომლებმაც საბოლოოდ ხაჭაპურის გულში კონცენტრირებულ ყველიან სააზროვნო ცენტრში დაიწყეს მოხვედრა. ერთ დღეში ხაჭაპურმა შეძლო გარე სამყაროში მობინადრე არსებების ჰაერტალღოვანი კომუნიკაციის ძირითადი ფორმების და შინაარსების გარჩევა, იმავე შემთხვევითობის იშვიათობის ხარისხის წყალობით რომელმაც ხაჭაპურის ყველიანი ცომის ქსოვილში ჩამოაყალიბა წინასწარ წონებ კარგად გადანაწილებული ნეირონული ქსელი.

ფარდობითად დროის იგივე პერიოდში, სამყაროში მოხდა ორი უცნაური და ერთი არასასიამოვნო შემთხვევა. შორეულ კოსმოსში წარმოიქმნა ორი ბოლცმანის ტვინი და შემდეგ ისევ გაქრა, ქუჩაში მშვიდად მიმავალ ადამიანს თავში გაუარა მატარებლის რელსის ნაგლეჯმა რომელიც ასევე სრულიად შემთხვევით მოხვდა ქუჩაში მშვიდად მიმავალი ადამიანის თავს ზემოთ, ადამიანის თავში გამავალი ტრაექტორიით და გაიყოლა ადამიანის ტვინის ქსოვილის 95 პროცენტი, რის შემდეგაც ადამიანი გადარჩა და გააგრძელა სტანდარტული მოღვაწეობა და ამ ადამინის ადგილმდებარეობიდან ოციათას კილომეტრსა და ოთხომცდასამ წელში გაიღვიძა პროგრამისტმა გურამმა, ძალიან ცუდ ნაბახუსევზე, უკდურესად ცუდი გუნება განწყობილებით, რომელიც განპირობებული იყო მასში გასული კვირის განმავლობაში კაპიტალისტური სისტემისგან ჩატოვებული სულიერი ტრავმებით. გარდა იმის რომ სული არ არსებობს კაპიტალისტური სისტემის ძალადობა პროგრამისტებზე შემოიფარგლება სამსახურში ორ საათზე გამოცხადების შეზღუდვით და ფიქრის იძულებით.

გურამმა გაატარა შაბათის დღე ლოგინში და შეძლებისდაგვარად ფიქრში. რომლის ფარგლებშიც იმ დასკვნამდე მივიდა რომ რაღაც უნდა ეღონა. კვირას შუადღით შეატყო რა ნაბახუსევის მდგომარეობა მის ორგანიზმში პოზიციებს მნიშვნელოვანწილად თმობდა, გვერდი იცვალა და სრულ გამოჯანმრთელებას დაელოდა, რის განმავლობაშიც გათენდა ორშაბათის ჩვეულებრივი დილა დანარჩენი ადამიანებისთვის, ხოლო არაჩვეულებრივი გურამისთვის, რადგან გურამის პლანეტაზე მოცემული მომენტისთვის გურამის გარდა არავინ აპირებდა მთელი სამყაროს წინააღმდეგ გალაშქრებას. გურამი შემართებით წარმოსდგა ლოგინიდიან, თავბრუ დაესხა და იატაკზე გაიშალა. შემდეგ ისევ წამოდგა და დაასკვნა რომ მისი ორგანიზმი, სააზროვნო აპარატის ჩათვლით, უმაღლესი პრიორიტეტით საჭიროებდა საკვები ნივთიერებების მარაგის შევსევას. შორტები ამოიცვა, შესაბამისი მოძრაობები შეასრულა მაისურისა და ფეხსაცმლის წყვილისთვის და მისი რესურსების გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად გაეშურა სახლიდან, დილის ათი საათისთვის თითქმის უჩვეულო თვალისმომჭრელ სიცხეში.

დახლიდარმა უგულვებელჰყო ჩიტების საამური დილის ჭიკჭიკი. მოზილა ცომი. გააკეთა გუნდები. ჩაატარა სპეციალური პროცედურები, მოათავსა დილით ადრე ბაზარში ნაყიდი სამწუხაროდ მარილიანი ყველი თავის ადგილზე. გადაიტანა ყველიანი გუნდები ჟარუნაზე, რომელზეც ღამეების განმავლობაში დახლის წინ შეკრებილი არყის მსმელი ადამიანებისგან მიღებული შთაბეჭდილებების გადააზრების ღრმა შემოქმედებითი აზროვნების პროცესებით გადაღლილი წინა პარასკევიდან შემორჩენილი მოაზროვნე ხაჭაპური დასვენებით მდგომარეობას მისცემოდა. გამოიღო თხუთმეტი წუთის შემდეგ. გამომცხვარი ხაჭაპურები ჟარუნიანად მოათავსა დახლზე. ახლებური ელფერის შესაძენად ცხელ მოაზროვნე ხაჭაპურს გადაუსვა კარაქი. რამაც მის ვიზუალურ მხარეს დიდად მაინც ვერაფერი შესძინა. ჩამოჯდა სკამზე. ჩართო ტელევიზორი და მიეცა აღმოსავლური სერიალის გმირების ღრმა ტრაგიკული ბედის მთელი არცისე მორჩილი ტანით გაზიარებას.

რომლით ტკბობაც დახლთან უდროო დროს მომდგარმა ახალგაზრდამ შეაწყვეტინა, რომელიც ზუსტად ლარს და ოთხმოც თეთრს აწვდიდა. ქალბატონი დახლიდარი ზედმეტი სიტყვების გარეშე მიუხვდა ცუდ ფერზე მდგომ ახალგაზრდას გულისნადებს. რადგან იმერული ხაჭაპური ერთი ლარი ღირდა, ხოლო პატარა შუშის ბოთლის კოკაკოლა ოთხმოცი თეთრი და გაუწოდა მაცივრიდან ახლად გამოღებული ჯერ კიდევ თბილი კოკაკოლა ხაჭაპურთან ერთად. "შენი დედა მოვტყან" მთელი ძალით და ღონით გაიფიქრა მოაზროვნე ხაჭაპურმა იქვე დახლთან ღამეების განმავლობაში შეძენილი ლექსიკური მარაგის მოშველიებით, როდესაც მიხვდა რომ მის თავს რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა.

მოაზროვნე ხაჭაპურის ფიქრებისთვის გურამს ყურადღება არ მიუქცევია ისე გადაუშვა ლუკმა ლუკმად აქნილი რამდენიმე თვალის დახამხამებაში კუჭში, ხოლო ის ლუკმები როლმებმაც საყლაპავ მილში გაჭედვა გადაწყვიტეს გურამმა თბილი კოკაკოლით ჩარეცხა. გადადგა პირველი შემართული ნაბიჯი მთელი სამყაროს წინააღმდეგ, მუცელში იცა მუშტი, მოიკეცა სამად, არწყია, გაიფიქრა იგივე რაც ხაჭაპურმა სიცოცხლის ბოლო წუთებში, გამოყლევდა და მოკვდა ხოლო გურამის კუჭის მჟავაში განადგურდა კოსმოსური სივრცეების დაბყრობისთვის საჭირო ყველა მათემატიკური ფორმულა რომელიც ალიონზე იმერულმა ხაჭაპურმა მოიფიქრა.