11 August 2018

მეგი და შესვენებები

არავინ იცის რომ მოფსმის დროს ადამიანები მიფრინავენ. მართალია უმნიშვნელოდ მაგრამ თქვენ რომ შეგეძლოთ უფრო ბევრის და უფრო სწრაფად მოფსმა, კოსმოსში გასაფრენად რაკეტა არ დაგჭირდებოდათ, იმიტომ რომ ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას. რადგანაც ეს საკითხი რთულია, ადამიანები ძირითადად მუშაობენ სამსახურებში და შემდეგ სვამენ, ან ვერ სვამენ იმ მიზეზით რომ არავინ ყავთ, ისეთი ვისთანაც ერთად დალევდნენ. მეც რათქმაუნდა თავიდანვე გამოვედი უნივერსიტეტიდან და მუშაობა დავიწყე. თავისდროზე ძალიან ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ როგორც კი მუშაობა დავიწყე მივხვდი რომ ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი რაღაც რისი გაკეთებაც ცხოვრების განმავლობაში მომიწევდა. ხანდახან სამსახურში მისვლა მეზარებოდა, ხან პირიქით სახლში წასვლა. ამიტომ სალაშქრო ინვენტარი სამსახურში წავიღე და პირდაპირ მაგიდის ქვეშ პარალონზე მეძინა, საძილე ტომარაში. ტუალეტიც იქვე გვქონდა და აბაზანაც. ხანდახან მარტო გავდიოდი დასალევად, იმიტომ რომ ჩემს შეყვარებულს სმა არ უყვარდა. ხანდახან ვიღაც უცხო ადამიანები სვამდნენ ქუჩაში და მეც ვუერთდებოდი. სმა თავიდანვე მიზიდავდა, როგორც კი ვთვრებოდი მაშინვე ჩემთვის ძალიან მისაღებ პიროვნებად გადავიქცეოდი და უიმედოდ ვუყურებდი ჩემს მომავალს. ერთერთი სმის დროს მეგი გავიცანი. თმები ბიჭურად ჰქონდა შეჭრილი. უცნაურად ეცვა და უცნაურად ლაპარაკობდა. მოკლედ გულზე დიდად არ მეხატებოდა.

შესვენებებზე ჩემი შეყვარებული გამოდიოდა ჩემთან სამსახურში. კიტრით პომიდვრით და ყველით გაკეთებული ბუტერბროდები გამოჰქონდა. ზოგჯერ ბუტერბროდებში სალათის ფურცელიც იყო, რაც ძალიან მომწონდა.

როდესაც ჩემს შეყვარებულს არ ეცალა, შესვენებეზე მეგი მოდიოდა. მეგის არაფერი მოჰქონდა. სამაგიეროდ ლუდს ვყიდულობდი და ვსვამდით ხოლმე. შემდეგ უცნაურ რაღაცეებს მეკითხებოდა. ქალაქის ქუჩებს მაინც და მაინც კარგად არ ვიცნობდი. ამიტომ ხანდახან ვსეირნობდით. ზოგჯერ არაყსაც ვსვამდით. არაყი მე ძალიან მიყვარდა, გოგონები რატომღაც თავს იკავებდნენ არყის დალევისგან.

მეგის ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. უცბად, სეირნობის დროს მოფსმა მოუნდებოდა ხოლმე. მე ვეუბნებოდი, არაუშავს, მოითმინე, მე შემიძლია მთელი დღე მოვითმინო თქო. მეგი კი ამბობდა კარგი. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ ცხოვრებაში ყველაზე მიზანმიმართული სახით შემოტრიალდებოდა და იტყოდა: ერთ წუთში სადმე თუ არ შემიყვან მოსაფსმელად მეტის მოთმენა აღარ შემიძლიაო. მე მივიხედებოდი, მოვიხედებოდი და ვერაფერ შესაფერის ადგილს ვერ აღმოვაჩენდი, მაგალითად გარდა სტომატოლოგიური კლინიკისა. მეგი იტყოდა შედი აბა მანდ და ჰკითხე თუ შეიძლება რომ ჩემი მეგობარი ტუალეტში შევიდესო. მე მეუხერხულებოდა. რაზეც მეგი მკაცრად მპასუხობდა რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შუა ქუჩაში მოფსამდა, პირდაპირ სადაც მანქანები დადიან იქ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მასეთი რაღაცეების კეთება მერიდებოდა, მაგრამ შემდეგ შევდიოდი მაგალითად სტომატოლოგიურში და ვეუბნებოდი, ჩემს მეგობარს ძალიან უჭირს და თუ შეიძლება რომ თქვენი ტუალეტით ისარგებლოსთქო. მე ძირითადად უნდობლად მიყურებდნენ, მაგრამ როგორც კი მეგის დაინახავდნენ მაშინვე გაუღიმებდნენ და ტუალეტთან მისვლას ასწავლიდნენ. მე ვერ ვხვდებოდი რატომ უღიმოდნენ. ვიდრე ტუალეტში იყო ვფიქრობდი რომ მეგი მოფსმის დროს ცოტათი კოსმოსში მიფრინავდა.