03 June 2015

მამაჩემი

როცა ვიყავი ექვსი წლის და არ მქონდა პიროვნება, მამაჩემი უაღრესად მოწესრიგებული ადამიანი იყო. ამავე ასაკში მამაჩემმა ამიხსნა რა არის ორბიტა, მზის სისტემა, მერკური რომ ყველაზე ახლოს არის მზესთან და მთვარე რომ არ არის ნახატი ცაზე და გავს ნავთის ლამპის გარშემო მბრუნავ, საზამთროს გარშემო მბრუნავ, ნესვს, რომელსაც საზამთროს ჩრდილი ეცემა. ასევე რომ ბევრი რელიგია არსებობს და კიდევ როგორ დავწეროთ ელემენტარული პროგრამა საბჭოთა კომპიუტერზე, ბეისიკის ენაზე. მაგრამ ერთხელ:

მივდიოდით ორნი. მამაჩემმა დალია. გაჩერდა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. მითხრა ორი რამე: 1. მანდ დამელოდე. 2. მაგათი დედა ვატირე. დადგა ჭიშკართან და საავადმყოფოს ეზოში შეაფსა.  მობრუნებულმა კი აღნიშნა: მაგათი დედა ვატირე.

მივდიოდით სამნი. მე და ჩემი კლასელი. მამაჩემმა მითხრა ერთი რამე: დათო ჩამოყალიბებული კაცია. თვითონ წყვეტს სად გაიაროს და როგორ, რომ ტალახში ფეხი არ ჩადგას. შენ კიდევ მე მომყვები უკან.

ავიღე 20 თეთრი და ვიყიდე ფუნთუშა. შემხვდა სანდომიან ტანსაცმლიანი კაცი. მითხრა: მეგობარო დილიდან არაფერი მიჭამია და ერთ ლუკმას ხომ ვერ მომაკბეჩინებდი? მივეცი. დამიბრუნა ერთი ლუკმა. დანარჩენი შეჭამა. თავი უმწეოდ და დაჩაგრულად ვიგრზენი. წამოვედი და მამაჩემს მოვუყევი ყველაფერი. მამაჩემმა დალია და მითხრა ერთი რამე: არ მაინტერესებს რას მიყვები. კაცი ეგეთ საკითხებზე არ უნდა დაწვრილმანდეს. ვიფიქრე რა სისულელეს ამბობს მამაჩემი.

მივდიოდით ორნი. ერთხელ მამაჩემმა დალია და გაჩერდა და მითხრა ერთი რამე: ჩვენ ვართ სამნი. მესამე არის ეს გოგონა, რომელიც ციგურებით ჩვენს გარშემო დადის. გოგონას უნდა რომ გვაჩვენოს ამას როგორ მოხერხებულად აკეთებს. რადგან ეს არის ქალის ბუნება. ვუყურეთ ათი წუთი და გზა გავაგრძელეთ.

თითქმის ყოველ ღამე როცა ვფსამ მთვრალი, რომელიმე საავადმყოფოს ან დაწესებულების კარებთან, შინაგანი ხმა მეუბნება: რა წესია, ეს რანაირად იქცევი. მე ვპასუხობ: ერთ მაგათი დედაც მოვტყან.

ერთხელ მეგობართან ერთად კომპანია დავაფუძნეთ. მინდოდა მეკითხა მე რამდენი წილი შემხვდება, მაგრამ გამახსენდა რომ კაცი არ უნდა დაწვრილმანდეს და აღარ ვიკითხე.

როდესაც ვინმე ვალს მიბრუნებს, რათქმაუნდა ფულს დაუხედავად ვიდებ ჯიბეში, იმიტომ რომ კაცი არ უნდა დაწვრილმანდეს. ხანდახან სახლში ვითვლი ხოლმე, იმის დასადგენად მევალე სანდო ადამიანია თუ არ.

ისე მომწონს რომ კაცი არ უნდა დაწვრილმანდეს, რომ სულ ვფიქრობ, როდის ვეტყვი ჩემს შვილს. როცა წამოიზრდება, თუ ბუნებრივად არ დაუდგება ამის სათქმელი შემთხვევა, ვინმეს დავიქირავებ, რომ სიმწრით ნაყიდი ჩიზბურგერი სთხოვოს და უკან მხოლოდ ერთი ლუკმა დაუბრუნოს.

მოგვიანებით დამეძინა და სიზმარში ვნახე დედამიწის ორბიტაზე ვიყავით. დედამიწის ატმოსფერო გამჭვირვალე ჟელე იყო და ატმოსფეროში გახვეული პლანეტა ერთი დიდი მწვანე წვეთივით გამოიყურებოდა კოსმოსში. მე და მამაჩემი დამტვრეული თანამგზავრების ნაგავს ვალაგებით. მე ვზარმაცობდი, მამაჩემი შეუჩერებლად მუშაობდა და თან რაღაც ამბებს მიყვებოდა. როცა მორჩა დალაგებას ატმოსფეროში ჩაყვინთა, საიდანაც ბუშტები ამოვიდა.