25 January 2012

ყოველ დილით

ყოველ დილით.
გარიჟრაჟზე.
ვიღვიძებ.
მაშინვე ვიხდი საბანს.
ვდგები და ვიღიმები.
ვაკვირდები როგორ მშვიდად სძინავს ჩემს შვილს.
ვკოცნი შუბლზე. მიშორებს.
თავზე ვადებ ხელს და მშვიდდება.
გრძნობს რომ მამა ვარ.
ძილს აგრძელებს.
მივდივარ ღუმელის ასანთებად.
რადგან ოთახები უნდა გათბეს.
როცა გაიღვიძებს არ შესცივდება.
სითბოს დადგომამდე პირს ვიბან.
იღლიებში დეოდორანტს ვისვამ.
ტუალეტში შევდივარ და გამოვდივარ.
ჩაიდანს ვადგამ და ძილიც მერევა.
ხელს ვუწევ მაღლა.
როცა ვუშვებ ლოგინზე უვარდება.
ყურში ვუჩურჩულებ ანდაზებს ადრე ამდგარ ცხოველებსა თუ ადამაინებზე.
ცოტა ხანში უკვე ეღიმება.
მაგრამ თვალების გახელა ისევ ეზარება.
ვუყვები რამხელა თოვლი არის მოსული გარეთ.
ნაძვის ხეები კი სულ გათეთრებულან.
თვალებს ახელს.

ყოველ დილით.
ვიღვიძებ ალიონზე.
ჩემს ცოლს საბანს ვუსწორებ.
თმებს ვუწევ.
კისერში ვკოცნი.
ხელს ვუყოფ ტრუსიკში.
მიშორებს.
მივდივარ სარკესთან.
ვიღიმები.
ვიხეხავ კბილებს.
ვისვამ დეოდორანტს.
შევდივარ ტუალეტში და გამოვიდვარ.
ვანთებ ღუმელს რომ ოთახში სითბო იდგეს.
ვსვამ ჩაის.
ვატან კარაქიან პურს ვაშლის ჯემით.
ვუწევ ხელს მაღლა და ვუშვებ.
უვარდება ლოგინზე.
ყურში ვუჩურჩულებ ამერიკის პრეზიდენტების სახელებს.
ეღიმება მაგრამ არ იღვიძებს.
ვუყვები რომ გარეთ მშვენიერი ამინდია.
თოვლი ჯერ არ დევს.
თვალებს ახელს.

ყოველ დილით.
იღვიძებენ ძაღლები.
ბეღურები.
მამლები.
დასხვა გარეული ან შინაური ცხოველები თუ ფრინველები.
ცივა და გაღვიძება არ მინდა.
ღუმელი კედლის კუთხეში დგას.
დეოდორანტი პიანინოს თავზე.
კბილის ჯაგრისი აბაზანის თაროზე.
უნიტაზი ტუალეტში.
საქმე კი არაფერი მაქვს.
ამოდის მზე.
ჯერ ფეხებზე მცხება.
ვმალავ საბნის ქვეშ.
შემდეგ ზურგზე საბნის გავლით.
ბოლოს სახეზე მანათებს.
თვალებს ვახელ.