04 November 2012

მარიამობა

ეკლესიის ეზოში სიცივემ გამაღვიძა. თბილად ჩავიცვი და გამოვძვერი ნამიანი კარვიდან. მოსაფიქრებელი მქონდა როგორ ჩამეტარებინა დილის პროცედურები. მაგალითად როგორიც არის კბილების გამოხეხვა. სამი დღე არ მქონდა გამოხეხილი რის გამოც განსაკუთრებული შმორის გემო და სუნი მედგა პირში. გალავნს თვალი მოვავლე. მზე ჯერ არ ჩანდა. მაგრამ მაინც დილა იყო. დილის ტუალეტზე ფიქრი დამეზარა ამიტომაც სიგარეტს მოვუკიდე. უცნაურია არავის ახსენდება ეკლესია განსაკუთრებით საეკლესიო დღესასწაულებში. უკვე დაახლოებით მეექვსეჯერ დასახლებულ პუნქტში თუ მიღამდება ეკლესიას ვპოულობ და მანდ ვიძინებ. ჯერ არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ვინმე სიმშვიდე დაერღვიოს. ეზოს ახლოსაც არავინ არ მოდის. გუშინ შუაღამით მთვრალები პირდაპირ გზაზე ეყარნენ. ფანრის გარეშე მივდიოდი ყურადღება რომ არ მიმექცია და რამდენიმეჯერ წამოვკარი რამდენიმეს ფეხი. ერთადერთმა მანქანამ ჩამოიარა. მთელ სოფელში უკანასკნელი ფხიზელი კაცის დანახვამ ძალიან გამახარა. ხელი დავუქნიე. მძღოლმა გააჩერა კარები გააღო და გადმოვარდა. ჩემი ლაპარაკი არ ესმოდა და გზა გვაგრძელე. მთელი სოფელი გინების სევდიან ხმებში იყო გახვეული. პირველივე გალავნიანი ეკლესია სადაც დავინახე შევედი და კარავი გავშალე.

ხოლო როდესაც ნიკოტინი კუჭამდე მივიდა მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა წინააღმდეგობის გაწევას სწორნაწლავთან. საზრიან მღვდლებს წინ დაეხედათ და ეზოში მომუშავე მუშებისთვის ტუალეტის აშენებაც დაევალებინათ. ნახვრეტის თავზე მოვთავსდი და მადლიერების გრძნობით გავიმსჭვალე. კუჭში გასვლის დროს ბევრ საინტერესო თემაზე ვიმსჯელე. მაგალითად დროის ნებისმიერ მოცემულ შუალედში ყველა ადამიანი ატარებს მუცლით განავალს. მღვდელის ნაწლავებიც სავსეა მაშინაც კი როცა საკურთხეველში იმყოფება. კარგი იქნებოდა საკურთხეველში შესვლის წინ ნაწლავებს ირეცხავდნენ. პირველად გული დამწყდა იმაზე რომ ფიქრისთვის ასე პროდუქტიული დრო ისედაც ცხადი ფაქტების კონსტანტირებაზე დავკარგე როდესაც შემეძლო უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გადამეწყვიტა ხოლო მეორედ იმაზე რომ მღვდლებს ხელების დასაბან სისტემაზე არ ეზრუნათ. ჯერ ნამიან ბალახს ვუსვი ხელები და უფრო გულმოდგინებით ფრჩხილები მერრე მთელი ბოთლი სასმელი წყალი დავხარჯე. რის მიუხედავად მომდევნო ღერი სიგარეტი თითქმის ხელშეუხებლად ჩავიდე პირში.

ასეთი კანონზომიერება არსებობს ბუნებაში. დილით ადრე მხოლოდ საქმიანი ადამიანები დადიან გზებზე. ღამით შეიძლება სასიკვდილოდ გაგიმეტონ მაგრამ მზის გამოჩენამდე თუ ადამიანი გარეთ გამოდის გაუვნებელყოფილი და უწყინარია. ოღონდ ეს ისეთი დილა ჩანდა მშრომელი ადამიანებიც ვერ წევდნენ თავს. ძალიან დამწყდა გული ვინმე გოგონასთან ერთად რომ არ გამეღვიძა კარავში. მარტოობიდან ფიქიკურ შეშლილობამდე თითქმის არ არის საზღვარი. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია უზრუნველყოს თავის არა მარტოობა ყოველთვის.

მაგ სოფელს გავცდი განსაკუთრებით მსმელი ხალხი სადაც ცხოვრობდა. კიდევ რამდენიმე სოფელი გავიარე მშიერი ძაღლების მეტი არაფერი შემხვედრია გზაში. ძალიან მომშივდა. იმიტომ კიარ დილით საჭმელი რომ არ მქონდა ნაჭამი. უბრალოდ ორი დღე ვერაფერი ვჭამე. ყველა მთვრალი იყო ვერავისთან ვერ მივედი თხოვნით.

შემდეგ გენიალური არგუმენტი მომივიდა. დილით ჩვეულებრივი ადამიანებიც ნაკლებად აგრესიულები უნდა ყოფილიყვნენ. უფრო მოგვიანებით ეგეც სულერთი გახდა. ისიც კი ვიგრძენი როგორ შევიდოდი ვინმეს სახლში. დამუკიდებლად მოვძებნიდი პურის ქვაბს. შევჭამდი პატრონის თვალწინ რამდენიმე ნაჭერს. მოვთხოვდი წყალს. ვეტყოდი გამარჯობას და თუ რამე კრიტიკულ კითხვას არ დამისვამდა დავემშვიდობებოდი.

აქედან თხუთმეტ წუთში სახლის ეზოში ვიყავი. არც ძაღლი ყავდათ არც მამალი. მასპინძელოს დაძახება არ მინდოდა. დილამშვიდობისას და გამარჯობას ვყვიროდი. კაციშვილმა არ გაიღვიძა. არადა ეზოში ნედლი საზამთროს ქერქები ეყარა.

მომდევნო ეზოში დიდი დაბმული ძაღლი დამხვდა. კარგი ყეფა ამიტეხა. სახლის კუთხიდან მოხუცი ქალი მოდიოდა. ზედაც არ შემომხედა ისე გააგრძელა გზა საქათმისკენ. ჩაყარა შიგნით სავარაუდოდ სიმინდი. ერთი პირობა ვიფიქრე ყრუ ხომ არ მახლავდა. მარრა რომ მოტრიალდა ძაღლს დაუყვირა გაჩუმდიო. ძაღლიც გაჩუმდა. ძაღლს რაღაც ღირსეული სახელი ერქვა. ვერ დავიმახსოვრე. მოხუც ქალს ასე მივმართე:

გამარჯობა დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ დილით ადრე ერთი ნაჭერი პური ხომ არ გექნებათ ?

ამ ქალმა მიიდო ხელი ლოყაზე და მკითხა რომელი ვიყავი. ვუთხარი რომ აქაური არ ვარ. თან ოდნავ გვერდულად დავდექი დიდი ზურგჩანთა რომ დაენახა. ორი დღეა გზაში ვარ მეთქი და პურის ფული სულ გამომელია.

მოვიდა ახლოს. ნელა დადიოდა ძალიან. წელში მოხრილი. შემომხედა. გულუბრყვილოდ გაღიმების მეტი რა ვიცოდი. იმედი დავიტოვე ასე ახლოს მაინც ხედავდა.

მაინც ვერ გიცანი. თქვა ბოლოს.

სადღაც პირველი სართულის ბნელ ნესტიან ოთახში შემიპატიჟა. მითხრა არაყი აღარ მაქვს ღვინო დამიტოვეს ბიჭებმა შარშან და მაგას გამოგიტანო. წავიდა. ათი წუთი არ გამოჩენილა. ძალიან მოუვლელი ოთახი იყო. ძველი წითელი ფიცრებით იატაკზე. ყავისფერი ავეჯით. ცარიელი ცემენტის კედლებით. რაღაც პატარა საანგარიშოიანი და საათიანი დაფა ეკიდა. საათი გაჩერებული იყო. დაფაზე ეწერა "ივანე გარდაიცვალა 17 დეკემბერს" და წელი.

მომიტანა სპრაიტის პოლიეთილენის ბოთლით სტაფილოსფერი ღვინო. სამი ნაჭერი პური. ნახევარი ყველის გუნდა. რამდენიმე დღის წინ შემწვარი ცივი კარტოფილი. გამომიღო გაბზარული თეფში რომელსაც ისევე ესაჭიროებოდა გარეცხვა როგორც გვერდებ ამოტეხილ უკვე გაშავებულ თლილ ბროლის ჭიქას.

ასე ხუთი წელი იქნება ყლეზე მკიდია სადღეგრძელოებიც და სუფრა. ქუჩაში ვსვამ არაყს და სახინკლეში ვჭამ ხინკალს ლუდის მიყოლებით. მარრა რეავ მაინც მასპინძელი იყო და ვიდრე დავლევდი ივანეს ხსოვნა იყოს თქო. გაგიმარჯოს შვილოო მითხრა ქალმა.

ვკითხე შვილები თუ ჰყავდა. კი მყავსო უნდა ჩამოსულიყვნენ გუშინ და არ ჩანანო.

მეორე ჭიქაზე ვუთხარი დიდხანს ეცოცხლა.

მიპასუხა ჩემი ხნის მოიყარეო.

შენ ჭამე და მე ეხლავე მოვალო. კიდევ ერთი ჭიქა დავლიე უსადღეგრძელოდ. მაინც ცუდ ხასიეთზე ვიყავი. ცუდი გაკეთებული შაქრიანი ღვინო იყო. დაბრუნდა კალათით. დიდი მადლობა მეთქი. შენთან ერთი თხოვნა მაქვსო. სასაფლაომდე გამომყევიო. მარტო აღარ შემიძლია სიარულიო.

ვიფიქრე ჯანდაბას გავყვები. ერთი საათი მაინც ვიარეთ სასაფლაომდე. კიდევ ერთი საათი საფლავს ვერ მივაგენით. თან ეს ზურგჩანთაც წამოვათრიე. შემეშინდა ვინმე არ შესულიყო ამ ქალის სახლში. მერრე აღვაწერინე საფლავი. დავსვი ვიღაცის საფლავის სკამზე. ყველა საეჭვო საფლავს სურათი გადავუღე და ვკითხე რომელი იყო. მაგ პატარა ეკრანში რა დავინახო სათვალე არ წამომიღიაო. ვიღაც კაცმა გამოიარა გამარჯობა უთხრა და მოიკითხა. როცა წავიდა ქალმა თქვა საიდანაც მოვიდა მაქეთ წავიდეთო. სადღაც გადავუხვიეთ. ოთხი დამპალი ჯოხი ერჭო საფლავის კუთხეებში. მავთულით გადაბმული. მარტო მანდ არ ჩანდა საჭმელები დაყრილი. შემრცხვა მაგრამ მაინც ვკითხე ეს ხომ არ არის. არც წარწერა ქონდა არც ჯვარი. კიდევ კარგი ეგ აღმოჩნდა. დაიწყო ბალახების დაგლეჯვა. მეც მივეხმარე. კალათიდან ამოალაგა რაღაცეები. მე ღვინო მომცა ისევ და დალიეო. დავლიე. დავჯექი მოშორებით. ვიჯექი ასე დიდხანს. ის ქალი იდგა საფლავზე. ხმა არ ამომიღია. არც რამეზე მიფიქრია. ოთხი ღერი მოვწიე. ბოლოს წამოვედით.

რაღაც მურაბები გამომიტანა. წაიღეო. მადლობა გადავუხადე და წამოვედი. გამოვცდი სახლს მაგრამ მივტრიალდი უკანი ისევ. ეზოში იჯდა სკამზე და ძაღლს უყურებდა. რამე ხომარ დაგრჩაო. ახლოს რომ მივედი ცუდი სუნი ასდიოდა და ჩახუტება გადავიფიქრე. გზაზე თბილისის მარშრუტკა შემხვდა. გვერდზე ახალგაზრდა გოგონა მომიჯდა. ძალიან ლამაზი იყო. მთელი გზა ვფიქრობდი რომ მისი სახის უკანაც თავისქალა იმალებოდა ისეთი როგორებიც საფლავებშია. ჩამოსვლის დროს მძღოლს ვუთხარი ბოდიში ფული არ მაქვს თქო. მძღოლს არაფერი უთქვია.